Sunday, April 1, 2018

14 კრისტალის თეორია




თავიდანვე ვამბობ, რომ ამ წიგნმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ეს წიგნი ერთ-ერთი იმათგანია, რომლების წაკითხვასთან ერთად მათ სამყაროში გადადიხარ. წიგნი მოგვითხრობს 1800 წელს დაწყებულ ამბავზე, რომელიც 1900 წლამდე გაგრძელდა. ისტორია იწყება მოთხრობით ბარონ ლეშეზზე, რომელიც ცნობილი გეოგრაფი და გეოლოგი იყო, თან ასევე კარგი ადამიანი. ერთხელ ექსპედიციაში, ლაპლანდიაში ბარონმა პატარა ბიჭი გადაარჩინა მგლებისგან. სამადლობელოდ კი ამ ბიჭის მამამ ლეშეზს უთხრა, რომ ის და მისი შვიდი მოდგმა ლეშეზის  მოდგმას დაიცავდა. აქიდან დაიწყო ამბავი.
ბატონ ლეშეზს ჰყავდა შვილი ალექსი. როცა ლეშეზი ლაპლანდიიდან სახლში ბრუნდება, ამის მერე ვინაცვლებთ 20 წლით წინ: ლეშეზი ექსპედიციის დროს დაიკარგა. ალექსის ცოლი კი ფეხმძიმედაა და ბოლოს და ბოლოს მშობიარობს. ბავშვს ბრუნჰილდას არქმევენ, მაგრამ ბრუნჰილდა ყველასგან გამოირჩევა. მას ცხოვრება მხოლოდ ცივ პირობებში შეუძლია. ალექსმა არ იცის რა ჰქნას, მაგრამ ბოლოს აამუმ (იმ ინდიელის მეორე მოდგმამ, რომლის შვილიც ლეშეზმა გადაარჩინა)  უამბო ზამთრის ტყის შესახებ, სადაც არასდროს არ იყო ზაფხული და იყო სულ ზამთარი. ალექსი სასწრაფოდ გაემგზავრა იქ თავის ოჯახთან ერთად და სასახლე ააგებინა. ამის მერე გადის 100 წელი.   ბრუნჰილდა ყველას დავიწყებული ჰყავს, ცოტასღა ახსოვს იგი, როგორც თოვლის დედოფალი.
ამის მერე იწყება ისტორია ინგეზე, რომელიც აღმოაჩენს რომ უგო ურსუსბერგენი საფრთხეშია და მიდის მის დასახსნელად. ამ წიგნში ჩაქსოვილია ყველა ემოცია ერთად: შიში, გაბრაზება, ზიზღი, სიხარული და სევდა. ეს წიგნი გაგაოგნებთ მთავარი პერსონაჟების სიმამაცით და გაბედულებით. ნუ მაგრამ ხანდახან მთავარი პერსონაჟები მეტისმეტად სულელურად  იქცევიან მაგალითად როცა უგომ ინგეს პირველად გაუგზავნა წერილი წერილში გარკვევით ეწერა რომ ეს ამბავი პოლიციას არ უნდა გაეგო მაგრამ ინგემ რა ჰქნა? ადგა და ტყეში წავიდა უგოს გადასარჩენად და დაუტოვა წერილი ბებიას, რომ უგოს დასახმარებლად მიდიოდა ეტყობა ეგონა ბებო პოლიციაში არ დარეკავდა და ინგეს დაბრუნებისთვის პერაშკებს გაუმზადებდა.
საინტერესო ფაქტი: წიგნის კითხვის დროს თითქმის ყოველთვის საბანი მქონდა წამოფარებული იმიტომ, რომ როცა ამ წიგნს კითხულობ, ისე გითრევს თავის სამყაროში რომ ხან გცივა ხან გცხელა. ხოდა ამ წიგნში სულ ზამთარია და ძირითადად ყველა მოქმედება ცივ ადგილებში ხდება, მაგალითად  ბრუნჰილდას სასახლე, ამიტომ როცა საბნის ქვეშ ვიყავი თავს მყუდროდ ვგრძნობდი.
მთლიანობაში უმაგრესი წიგნია, მით უმეტეს ქართველი მწერალის გიორგი მასხარაშვილის დაწერილია და ქართველი მწერალის დაწერილი „ცისფერი ირემის“ მერე არაფერი წამიკითხავს და მომწონებია.
წაიკითხეთ და გაიგეთ გაუმკლავდებიან თუ არა ბავშვები ბოროტებას, რომელიც  ყინვის სახით ემუქრება მათ და მთელ კაცობრიობას!

Tuesday, February 13, 2018

პატარა პრინცი






დარწმუნებული ვარ, რომ  ვისაც „პატარა პრინცი“ ბოლომდე აქვს წაკითხული ეს წიგნი ძალიან უყვარს. პერსონაჟებიდან ვფიქრობ უმეტესობას პატარა პრინცი უყვარს. მე მელა მომეწონა. მელას დახმარებით მოშინაურების პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობას მივხვდი. ასევე ძალიან მომეწონა ლოთი, მას ძალიან სულში ჩასაწვდომი და სევდიანი ისტორია ჰქონდა.  თუ ვინმეს კითხვა ეზარება, არ არის პრობლემა. წიგნი პატარაა, სადღაც 80 გვერდიანი, ამიტომაც არ დაიზაროთ და ეს შედევრი არ დატოვოთ წაუკითხავად.
მოდი პილოტზე ვისაუბროთ. მე მას ბევრ რამეში დავეთანხმე, მაგალითად იმაში, რომ დიდებს ყველაფერი „ხელის გულზე უნდა დაუდო“. ბევრჯერ მომხდარა, რომ დიდებისთვის ყველაფრის ისე ახსნა გიწევს, თითქოსდა პატარა ფაზლს აწყობ. ზოგჯერ ეს 100-იანი ფაზლია, თუ რაღაც უფრო რთულია კი 1000 - იანი. როცა კი ძლივს მიხვდებიან რაზე ლაპარაკობ, ფაზლი აწყობილია.
კიდევ ერთ რამეზე ვამახვილებ ყურადღებას დასაწყისიდან. პილოტს უნდოდა მხატვარი გამხდარიყო მაგრამ დიდებმა უარი უთხრეს ამ განზრახვაზე. მე ამას ვაპროტესტებ! თუ პილოტს მხატვრობა უნდოდა, მისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. თუ მას მუსიკოსობა მოუნდებოდა, უნდა გამხდარიყო. მთავარი ის არის რომ შენს ოცნებაში მჭიდროდ უნდა იყო ჩაფლული თორემ მერე შუა გზაში მოგწყინდება და მიატოვებ. ეს შეცდომა მე თვითონ დამიშვია და ვცდილობ აღარ დავუშვა. ამით გემშვიდობებით და ყველას გირჩევთ „პატარა პრინცის“ წაკითხვას! 


Saturday, February 3, 2018

საოცრება

„საოცრება“ თვითონ სიკეთეა წიგნის სახით. მის წაკითხვას ყველას ვურჩევ. ეს წიგნი ყველა ასაკის ადამიანს დააინტერესებს. ისტორია მოგვითხრობს ბიჭზე სახელად ავგუსტ პულმანი, მოფერებით ავგი. ავგი სახის დეფორმაციით დაიბადა და სკოლაში არ დადის. ამის მაგივრად სახლში დედა ასწავლის, მაგრამ ერთხლაც ავგის სკოლაში გაუშვებენ. ეს ამბავი მოგვითხრობს, როგორ გაიჩინა ავგიმ მეგობრები და რა გამოიარა სკოლაში.  მე თუ მკითხავთ,   ეს წიგნი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ გვასწავლის - გარეგნობით განსხვავებული თუ არის ვინმე არ ნიშნავს, რომ მას ხასიათიც სხვა აქვს და ქცევაც.  მაგრამ ავგის ხასიათის გამო არ დასცინოდნენ. მას იმიტომ დასცინოდნენ, რომ მისი ეშინოდათ. მე მომეწონა, როცა რამდენიმე ადამიანი მაინც ავგის ნორმალურად მოექცა და დაუმეგობრდა. წიგნი ძალიან მრავალფეროვანია, რადგან ხან იცინი, ხან ტირი. შეიძლება წიგნის კითხვის დროს ბავშები რომლებიც ავგის დასცინოდნენ შეგეზიზღოთ და მათზე იფიქროთ, რომ საშინლები არიან, მაგრამ არ განსაჯოთ ისინი. შეიძლება ფიქრობდეთ რომ მათ ადგილზე უკეთესად მოიქცეოდით, მაგრამ თქვენ მათ ადგილზე არ ყოფილხართ. შეიძლება ზოგი თქვენგანი მათ ადგილზე მართლაც კარგად მოქცეოდა ავგის, მაგრამ უმეტესობა თუ არ დასცინებდა არ დაელაპარაკებოდა მაინც. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას ამ წიგნის წაკითხვას და ნახვამდის :) 

სხვათაშორის, ავგიზე ფილმიც გადაიღეს. ჯერ წაიკითხეთ, მერე უყურეთ ;)
ამას კი მოუსმინეთ

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

                            დარწმუნებული ვარ, ბევრ   თქვენგანს აქვს წაკითხული ეს მართლაც რომ გამაოცებელი წიგნი. როგორც კი კითხვა დავ...