დარწმუნებული
ვარ, ბევრ თქვენგანს აქვს წაკითხული ეს მართლაც
რომ გამაოცებელი წიგნი. როგორც კი კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი
მოთხრობა გახდებოდა! მაგრამ ვისაც წაკითხული არ აქვს, ახლავე ავუხსნი ყველაფერს.
წიგნი მოგვითხრობს
ზურიკელაზე, ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც ბებია უვლის. ზურიკელა ამბობს, რომ ის სამი
ადამიანის შვილია: ბებიასი, ილიკოსი და ილარიონის. ამ წიგნთან დაკავშირებით ერთმა საკითხმა
დამაფიქრა, სად წავიდნენ ზურიკელას დედა და მამა? ამას მთელი წიგნის განმავლობაში არავინ
არ გვიხსნის.
წიგნი სავსეა
იუმორით და სევდიანი ნაწილებით, რომელიც ადამიანს ტირილს და სიცილს ერთდროულად ანდომებს.
ხანდახან კითხვის დროს უცბათ ხარხარს ვიწყებდი ხოლმე. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა
როცა ილარიონმა და ზურიკელამ ილიკოს ორმო ამოათხრევინეს, რადგან მას ეგონა, რომ იქ
მამამისის დამარხული ფული იყო.
მე ამ მოთხრობას
ნოდარ დუმბაძის სამ მოთხრობიან წიგნში ვკითხულობდი და როცა ბოლო თავი წავიკითხე და
ახალ თავზე გადავედი, აღმოჩნდა რომ ეს უკვე სხვა მოთხრობა იყო. ვერ წარმოვიდგინე, რომ ასე მალე დამთავრდა „მე,
ბებია, ილიკო და ილარიონი“. მოულოდნელი დასასრული არ იყო, მაგრამ მოთხრობის დასრულების
შემდეგ მაინც ვიჯექი და წაკითხულზე ვფიქრობდი. თვითონ ჩვევა მაქვს ასეთი, რომ როცა
წიგნში რამე სევდიანი ხდება ვზივარ და ვფიქრობ, ტირილით ვერ ვტირი (ამის გამო გულქვად
არ ჩამთვალოთ). მთელი წიგნის განმავლობაში ჩემი საყვარელი პერსონაჟი ილარიონი იყო.
ის თითქმის არასდროს იყო სევდიანი და ძალიან სახალისო პერსონაჟია. მომინდა, რომ ერთი
დღე მაინც მეცხოვრა ილიკო ბრუციანთან და ილარიონა ცხვირასთან.
მოდი ცოტა ზურიკელას
ბებოზე ვილაპარაკოთ. ეს მზრუნველი ბებია შვილიშვილს
მთელი სიყვარულით ზრდის. ის ყოველ შეცდომაზე ტუქსავს ზურიკელას და სწორ გზაზე აყენებს.
ასევე ცდილობს რაც შეიძლება მეტი განათლება მიაღებინოს და თბილისშიც უგზავნის ფულს.
კიდევ ერთი რამე რაც წიგნში ჩანს ილიკოს და ილარიონის ღრმა მეგობრობაა, მართალია ხშირად
ერთმანეთს ეკინკლავებიან და აბრაზებენ, მაგრამ ილიკო და ილარიონი მაინც ღრმა მეგობრობით
არიან დაკავშირებულები. ისინი ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან და ხშირად ერთად ატარებენ
დროს. ხასიათით კი ცოტა განსხვავებულები არიან, ილიკო უფრო ბებერი ბრძენი კაცივით არის,
რომელიც სულ ხუმრობებს და წყევლებს უშვებს პირიდან, ილარიონი მას დასცინის რადგან მას
ცალი თვალი არა აქვს. ილარიონი კი უფრო მშვიდი ადამიანია, ის ყოველთვის თავისთვის არის
და იშვიათად თუ არის ენერგიაზე. წიგნში ასევე ძალიან სახალისო და ერთბაშად სევდიანი
მომენტია მატარებლის ეპიზოდი, როცა ზურიკელა თბილისში მიდის და გზაში სუფრას გაშლიან
მატარებელში ის და მისი თანამგზავრები. მთვრალი ზურიკელა კი ყველა სევდას და სიხარულს
ამცნობს უცნობს, რომელიც მატარებელში გაიცნო, უცნობიც დათვრება და ისიც უყვება თავის
ისტორიას. მერე კი წავლენ და ერთმანეთს მთელი მოთხრობის განმავლობაში ვეღარ ნახავენ.
არ მგონია რომ
ამ მოთხრობას მთავარი სათქმელი ჰქონდეს, ან მე ვერ მივხვდი რამეს. ჩემი აზრით, ეს მოთხრობა
ცხოვრებაზეა, უბრალო ცხოვრებაზე, რომელსაც გადის ყველა ადამიანი. ცხოვრება, რომელიც
სავსეა სიხარულით, სევდით, ბრაზით და შიშით, რომელშიც ზოგი მუშაობს, წვალობს და იგებს,
ზოგი არ მუშაობს, არ წვალობს და აგებს, ზოგი
კი უბრალოდ დინებას მიყვება. თუნდაც უბრალო გასეირნება ქუჩაში: რამდენ ადამიანს ხედავ,
რომელსაც დიდად ყურადღებასაც არ აქცევ. ყოველ მათგანს თავისი განსხავებული და უნიკალური
ისტორია აქვს, რომელიც შენს ცხოვრებასავით სავსეა სიძულვილით, სიხარულით, სევდით და
ა.შ. ზურიკელას ხომ ხედავდენ ვიღაცეები წიგნის განმავლობაში ქუჩაში? ვინმე მიხვდებოდა
რომ ასეთ უბრალო გამვლელს ასეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა? ჰოდა შეიძლება ადამიანს,
რომელიც ავტობუსში თქვენს გვერდით ზის ზურიკელაზე საინტერესო ისტორია ჰქონდეს, ასე
რომ ხალხს ასე ერთი შეხედვით ვერავინ ვერ განსაზღვრავს (შერლოკ ჰოლმსი თუ არ ხარ).